თუ ძროხის წველადობამ იკლო

ბოლო დროს მერძეული მიმართულების ფერმერები, პირუტყვის პროდუქტიულობის შემცირების ტენდენცია უჩივიან. საქმე ისაა, რომ მომრავლდა ნივთიერებათა ცვლის დარღვევის კეტოზ-ავადმყოფობა, რომელსაც თან სდევს მაღალწველადი ძროხების ორგანიზმში კეტონური სხეულების დაგროვება (ბეტა-ოქსიერბომჟავა, აცეტოძმარმჟავა, აცეტონი).

ასევე ენდოკრინული ორგანოების, ღვიძლის, გულის, თირკმელების დაზიანება, ორგანიზმის აუტოინტოქსიკაცია და ძროხების გამრავლების ფუნქციის თანმდევი მოშლა. საბოლოო ჯამში კი კეტოზი.

დიდი სარძევე პროდუქტიულობა მერძევე ძროხების ორგანიზმში მიმოცვლის პროცესების მოცულობას მკვეთრად ზრდის. ცხოველების შეზღუდულ ფართობებზე კონცენტრაციამ გამოიწვია მათ ორგანიზმზე ისეთი არასასიამოვნო ფაქტორების ზემოქმედების გაძლიერება, როგორიცაა: ჰიპოდინამია, მზის ინსოლაციისა და აერაციის ნაკლებობა.

ფიზიოლოგიურად დაუსაბუთებელი, არასრულფასოვანი კვება, მზის ინსოლაციისა და მოციონის არარსებობა ზამთრისა და ხშირად ზაფხულის პერიოდშიც (საძოვრების და მწყემსების დეფიციტის გამო, პირუტყვი თითქმის მთელი წლის განმავლობაში სასადგომო შენახვაზე არიან) საქონელში ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვაგვარ მოშლას იწვევს.

შესყიდვების დროს, განსაკუთრებით როდესაც მეზობელი ქვეყნებიდან შემოდის, აუცილებელია ფერმერებმა გარდა კლინიკური ნიშნების მოითხოვოს, საქონლის სისხლის ბიოლოგიური პროფილი.

სისხლის, რძისა და შარდის კეტონური სხეულების ლაბორატორიული კვლევა. ჰემატოლოგიური და ბიოლოგიური მაჩვენებლებით განვსაზღვრავთ დაწყებული არის თუ არა ცხოველის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის მოშლა.

ხშირად შემოყვანილ „მაღალმერძეულ” ძროხებში 2-3 თვის შემდეგ საგრძნობლად იკლებს წველადობა და შეიძლება მათ ორგანიზმში უკვე დაწყებული იყოს ნეგატიური ცვლილებები, ნახშირწყლების, მინერალებისა და ცილების ცვლაში გადახრები.

იმის მიხედვით, თუ რამდენად ღრმადაა დარღვეული ნივთიერებათა ცვლა და სისხლში კეტონური სხეულების დონე, დაავადება მიმდინარეობს მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული ფორმით და შესაბამისად საქონლის ღირებულება არ შეესაბამება რეალობას.

კეტოზისადმი განმწყობ ფაქტორებს ასევე მიეკუთვნება სიმსუქნე, მზის სხივების ნაკლებობა, რაციონში ვიტამინების, მიკროელემენტების დეფიციტი, ასე რომ ნუ მოტყუვდებით, ნუ გადაიხდით ტყუილად ზედმეტს.

თუ ყურადღებით არ შეარჩევთ საქონელს, პროდუქტიულობის პერიოდში გექნებათ პრობლემები და საბოლოოდ დაასკვნით, რომ მერძეული მიმართულება არ არის მომგებიანი, რაც არასწორი შეფასებაა.

შედარებით დაცული ხართ, როცა ყიდულობთ ფურს პირველი მაკეობისას.

მიხეილ ჭიჭაყუა,
ბიოლოგიის დოქტორი, მომავლის ფერმერის მთვარი ვეტკონსულტანტი

Share Button

Leave a Reply