ზოგადი მოთხოვნები ვეტერინარული აფთიაქებისადმი – საქართველოში

ზოგადი მოთხოვნები საქართველოში არსებულ ვეტერინარული აფთიაქებისადმი:

  1. ვეტერინარული აფთიაქი უნდა დარეგისტრირდეს ბიზნესოპერატორად საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. რეგისტრაციის გარეშე ბიზნესოპერატორის საქმიანობა აკრძალულია;
  2. საქმიანობა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე –გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
  3. ვეტერინარული აფთიაქი წარმოადგენს ვეტერინარულ-ფარმაცევტული პროფილის საცალო ვაჭრობის დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს ვეტერინარული პრეპარატების, ცხოველთა საკვებისა და საკვებდანამატების, ჰიგიენური და ზოოვეტერინარული დანიშნულების საგნების რეალიზაციას, საჭიროების შემთხვევაში წამლების მომზადებას;
  4. მოთხოვნები ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ ყველა ვეტერინარულ აფთიაქზე, მიუხედავად მისი იურიდიული სტატუსისა;
  5. ვეტერინარულ აფთიაქს ხელმძღვანელობს უმაღლესი ვეტერინარული განათლების მქონე პირი (ბაკალავრი, მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული);
  6. ვეტერინარული აფთიაქი ვალდებულია დადგენილი წესით და ფორმით წარუდგინონ შეტყობინება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში სააგენტო) საქმიანობის დაწყების და დასრულების შესახებ;
  7. ვეტერინარულ აფთიაქში სარეალიზაციოდ დაიშვება მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული ვეტერინარული პრეპარატები;
  8. არარეგისტრირებული, ფალსიფიცირებული, ვადაგასული, გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატის რეალიზაცია –გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო ეტიკეტირების წესის დარღვევა –გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, დარღვევის განმეორების შემთხვევაში − 600 ლარის ოდენობით;
  9. ვეტერინარულ აფთიაქში ვეტერინარული პრეპარატების გაცემას ახორციელებენ უმაღლესი ვეტერინარული განათლების მქონე პირები (ბაკალავრი, მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული);
  10. ვეტერინარული აფთიაქი განთავსებული უნდა იყოს შენობებში იზოლირებულად ან იზოლირებულ კაპიტალურ შენობაში. შენობისა და იატაკის მოპირკეთება უნდა იძლეოდეს სველი დასუფთავების საშუალებას, სააფთიაქო ინვენტარის ზედაპირი ისეთი მასალის უნდა იყოს, რომელიც მდგრადია მედიკამენტებისა და ქიმიური რეაქტივების მიმართ. ვეტერინარული აფთიაქი აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ავეჯით, ინვენტარ-მოწყობილობებით, აპარატურით;
  11. ვეტერინარულ აფთიაქს უნდა ჰქონდეს სავაჭრო დარბაზი, სამარაგო ოთახი, სპეციალისტებისათვის განკუთვნილი ოთახი, სანიტარული კვანძი;
  12. ვეტერინარული აფთიაქის შესანახი სათავსის (სამარაგოს) მოწყობა, განლაგება, ფართობი, ექსპლუატაცია და აღჭურვილობა უნდა უზრუნველყოფდეს სამკურნალო საშუალებებისა და ვეტერინარული ნაწარმის შენახვასა და დაცვას თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებული პირობების შესაბამისად;
  13. იმუნო–ბიოლოგიური პრეპარატების შენახვისათვის საჭირო ტემპერატურული რეჟიმის შენაჩუნებისათვის შესანახი სათავსი აღჭურვილი უნდა იყოს კარადა–მაცივრით, სამაცივრე ოთახით ან/და ოთახებით, სადაც შესაძლებელი იქნება შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვა;
  14. ვეტერინარული დანიშნულების სამკურნალო, პროფილაქტიკური, სადეზინფექციო და დიაგნოსტიკური პრეპარატების ტემპერატურის და ჰაერის ტენიანობის პერიოდული შემოწმება და აღრიცხვა უნდა ხდებოდეს დღე–ღამეში ერთხელ მაინც. ამ პარამეტრებზე დაკვირვებისათვის სათავსში აუცილებელია იყოს სათანადო ხელსაწყოები, რომლებიც მაგრდება სათავსის შიდა კედელზე გამთბობი მოწყობილობისაგან მოშორებით, იატაკიდან 1,5-1,7 მეტრის სიმაღლეზე და კარებიდან არანაკლებ 3 მეტრის დაშორებით. ჰაერის სისუფთავის დაცვის მიზნით უნდა მოეწყოს შემწოვ-გამწოვი ვენტილაცია;
  1. შესანახი სათავსო უზრუნველყოფილი უნდა იყოს კარადებით, თაროებით და საქონლის დასაწყობი ქვეშსაგებების საკმაო რაოდენობით;
  2. პასუხისმგებლობა მოცემული მოთხოვნების შესრულებაზე ევალება ვეტერინარული აფთიაქის ხელმძღვანელს;
  3. ვეტ. აფთიაქი ვალდებულია მომსახურების სუბიექტებს მათთვის მისაღები ფორმით დროულად მიაწოდონ სრული და ობიექტური ინფორმაცია ვეტ. პრეპარატების შესახებ;
  4. ვეტ. აფთიაქი ახორციელებს შეძენილი ვეტერინარული პრეპარატების, აღრიცხვას, შენახვას, საჭიროების შემთხვევაში ჩამოწერას, არარეგისტრირებული, ვადაგასული, ფალსიფიცირებული, უვარგისი ვეტერინარული პრეპარატების განადგურება ხორციელდება სააგენტოსთან შეთანხმებით;
  5. საქმიანობის განხორციელებისას სპეციალისტებს უნდა ეცვათ სპეცტანსაცმელი.

სურსათის ეროვნული სააგენტო

Share Button

Leave a Reply